დღეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა
6 მარტი 2026
ბანკის წარმომადგენლობის ახალი ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის რამდენიმე ათეული წლის ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს. ბანკის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და განვითარების პროექტების დაფინანსებას ხმარდება.
აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის დაფინანსების გამოყოფა განსაზღვრა, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) მრავალმხრივი განვითარების ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB 1966 წელს დაარსდა და დღეს 70-მდე წევრ ქვეყანას აერთიანებს.